„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქვეყნის სწრაფი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ მიზნით, ბოლო წლებში, საქართველოში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, 2023 წელს კი, პარლამენტმა, მიიღო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია,“ - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ, ბათუმში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნისას.
კონფერენცია -„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება: ფინანსურ რესურსებზე წვდომა და ეკონომიკური უფლებები, როგორც ცვლილებების კატალიზატორი“ ორ პანელურ სესიად წარიმართა და აჭარაში ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას, მათი ეკონომიკური უფლებების დაცვის საკითხებს, სასამართლო პრაქტიკასა და ძირითად გამოწვევებს დაეთმო.
„ფინანსურ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობები და გამოწვევები აჭარაში“ პანელური დისკუსიის მოდერატორმა, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ და უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - ფატი ხალვაშმა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო პოლიტიკასა და ამ მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილეს ყურადღება.
ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში აჭარის უმაღლესი საბჭოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, სამოქალაქო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეწარმე ქალები მონაწილეობდნენ.