21 მარტი

      აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს - ზაზა შავაძე სამინისტროს საქმიანობის შესახებ ვრცელი მოხსენებით წარსდგა.
      მომხსენებელმა, გასული სამეურნეო წლის შეჯამების შემდეგ, მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ზაზა შავაძის განცხადებით, უწყების 2024 წლის ბიუჯეტი 32 მილიონს აჭარბებს, რომლის ფარგლებში, სამინისტრო 16 პროგრამასა და 12 ქვეპროგრამას ახორციელებს. პრიორიტეტები ორიენტირებულია თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, მემცენარეობის, მეცხოველეობის ჯიშთგანახლებაზე, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების, ხარისხის, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე.

     სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების მიხედვით განხორციელებული პროგრამების გარდა, მომხსენებელმა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებს, ამ მხრივ მაღალმთიან აჭარაში არსებულ ვითარებას, გამოწვევებსა და მიმდინარე სახელმწიფო პოლიტიკას. ვრცელი მოხსენების შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კითხვებს. წარმოდგენილი ანგარიში კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.

        სხდომაზე მოისმინეს და ცნობად მიიღეს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის საკითხთა და  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების 2023 წლის საქმიანობის ანგარიშები. მოხსენებები კომიტეტების თავმჯდომარეებმა - დავით ბაციკაძემ და ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინეს. 

       დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. კანონმდებლებმა პროფესიული დღე მიულოცეს ჟურნალისტებს, მესაზღვრეებს, მეტყევეებს და სოლიდარობა გამოხატეს დაუნის სინდრომის მქონეთა მიმართ. სხდომას ესწრებოდნენ სტუდენტები, რომელთაც დასწრება ვებპლატფორმა - chaerte.sca.ge-ს მეშვეობით დაჯავშნეს.