08 აპრილი

კონკურსი სამართლებრივი კვლევების მოსამზადებლად თემებზე:

თემა 1: ადრეული ქორწინების პრობლემა აჭარაში - სიტუაციისა და კანონმდებლობის კვლევა, შესაძლო გადაწყვეტის გზების შემოთავაზება 

თემა 2: შშმ პირთათვის ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა კანონმდებლობის მეშვეობით (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი), განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით აცხადებს ახალგაზრდულ კონკურსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის სამართლებრივი კვლევების მოსამზადებლად.

კონკურსის მიზანია: აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და კვლევითი საქმიანობის წახალისება.

 კონკურსი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, მოიკვლიონ ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში არსებული პრობლემური საკითხები, მიაწოდონ უმაღლეს საბჭოს სიღრმისეული სამართლებრივი კვლევა, რაც გამოყენებული იქნება საკანონმდებლო ან აღმასრულებლის ზედამხედველობის პროცესში.

 ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება

 კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 17-დან 39 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სტუდენტის სტატუსი.

 ნაშრომები მიიღება - 2024 წლის 1 ივლისის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: ogp@sca.ge.

 

საკონკურსო პირობები: 

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ კვლევითი ნაშრომის ფორმატის დოკუმენტი;
  2. წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იძლეოდეს დეტალურ მიმოხილვას რეგიონში არსებულ სიტუაციაზე შესაბამისი წყაროების მითითებით, არსებული კანონმდებლობის მიმოხილვას და შედარებით სამართლებრივ ანალიზს მსგავსი ტერიტორიული მოწყობის მქონე სახელმწიფოებში არსებულ რეგულირებაზე (ასეთის არარსებობის შემთხევაში, ზოგადად სახელმწიფო რეგულირებაზე);
  3. ერთ მონაწილეს/მონაწილეთა ჯგუფს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის გამოგზავნა;
  4. ერთ ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს ორი ავტორი;
  5. წარმოდგენილი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

5.1. უნდა იყოს ქართულ ენაზე, ენობრივად გამართული და საინტერესოდ ჩამოყალიბებული, აკმაყოფილებდეს აკადემიური წერის სტანდარტებს.

5.2. არ უნდა აღემატებოდეს 5,000 სიტყვას და წარმოდგენილი ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word *.doc/*.docx).

5.3. შესრულებული უნდა იყოს ქართული შრიფტით (utf-8 ფორმატით) - ფონტი calibri ან sylfaen. ნაშრომის ფონტის ზომასა და ხაზებს შორის დაშორებას მნიშვნელობა არ აქვს.

5.4. ნაშრომში მოყვანილ ფაქტებსა და მსჯელობას უნდა ჰქონდეს მითითებული წყაროები აკადემიური სტანდარტების შესაბამისად, სქოლიოების სახით. ავტორი თავისუფალია წყაროების მითითების წესის შერჩევაში, აუცილებელია, შეირჩეს ერთ-ერთი აკადემიური სტანდარტი (სასურველია, ქართული უნივერსიტეტების მიერ გამოყენებული სტანდარტის შერჩევა) და დაცული იყოს იგი.

5.5. დაუშვებელია ნაშრომში პლაგიატი ან აკადემიური ეთიკის წესების დარღვევა. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი კონკურსში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

 

კონკურსის ჯილდო - კონკურსის გამარჯვებული მიიღებს:

  • ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუტები საქართველოში“ - დაწესებულ ჯილდოს - ლიტერატურის/საკანცელარიო ნივთების მაღაზიის 200 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს თითოეულ გამარჯვებულს შესაბამის თემაზე.
  • უმაღლესი საბჭოს თუ პარტნიორებისგან დაწესებულ სხვა ფასიან საჩუქრებს.

 

* ჯილდო გადაეცემა ნაშრომის ავტორს/ავტორებს ჯამში, ერთი ვაუჩერის/პრიზის სახით.

 

ნაშრომის შერჩევის პროცესი: 

- განაცხადების მიღების ვადის დასრულების შემდეგ, თითოეულ თემაზე მიღებული ნაშრომების პირველად გადარჩევას უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი.

- დეპარტამენტის მიერ თითოეულ თემაზე შერჩეული არაუმეტეს 3 ნაშრომიდან თითო გამარჯვებულს გამოავლენს აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭო.

- გამარჯვებული ნაშრომი გამოქვეყნდება აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე - sca.ge.

  

საკონკურსო ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია 2024 წლის 1 ივლისის ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: ogp@sca.ge წერილის  სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ - კვლევის კონკურსი. ნაშრომის გამოგზავნისას წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა).

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე: ogp@sca.ge