21 ოქტომბერი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს -  ანა ზამეჩს (პოლონეთი), დანიელ ქერექეშს (სლოვაკეთი) და მისიის ასისტენტს - მარიამ გერმისაშვილს შეხვდა.

  შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, 26 ოქტომბრის არჩევნებსა და სადამკვირვებლო მისიების როლზე ისაუბრეს.

  დავით გაბაიძის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო კონკურენტუნარიანი, მშვიდი და თავისუფალია, რაც განაპირობებს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ამასთან, კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო დამკვირვებლებთან თანამშრომლობის მზაობა.

  სტუმრებმა დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა - პლენარულ სხდომათა დარბაზი, ბიუროს ოთახი და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი.

  IRI-ის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაში 20 დამკვირვებელია, რომლებიც ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს აკვირდებიან.