აჭარის უმაღლესი საბჭოში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის ანგარიში მოისმინეს. აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა, ლევან გორგილაძემ ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოებისა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრში“ ბოლოს განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა 3 პირველადი და 4 მეორადი სტრუქტურული ერთეული. ამასთან, სისტემატურად ახლდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიას წარმატებით აქვს გავლილი აკრედიტაცია, ფლობს საერთაშორისო - ISO სერტიფიკატს და ჩართულია კვლევის საერთაშორისო მონიტორინგში. გარდა ამისა, დაინერგა კვლევის თანამედროვე მეთოდები და გაიზარდა კომპონენტთა ჩამონათვალი. ლევან გორგილაძის განცხადებით, ცენტრს ჰყავს პროფესიონალი კადრები, რომლებიც პერიოდულად იმაღლებენ კვალიფიკაციას.
მომხსენებელმა, ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.
კომიტეტმა ინფორმაცია ცნობად მიიღო.