ბათუმი ახალგაზრდულ რეგიონულ ფორუმს მაპინძლობს. ფორუმის გახსნის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად დაესწრო.
ფორუმში, რომლის მიზანი მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება და ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობაა, საქართველოს მასშტაბით, საჯარო უწყებებიდან ახალგაზრდული სფეროს 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.
პროექტის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში შემდეგ საკითხებზე იმსჯელებენ: ახალგაზრდული პოლიტიკა და რეგიონული გამოწვევები; არაფორმალური განათლების მნიშვნელობა ახალგაზრდულ სფეროში; თვითმმართველი ორგანიზაციების გამოცდილება ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებისას.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს ფორუმის გახსნა მიულოცეს და ახალგაზრდული პოლიტიკის მნიშვნელობაზე, განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ფორუმის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფორუმი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროგრამის - „ახალგაზრდების ინტელექტუალური, კულტურული და კარიერული განვითარების მხარდაჭერის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან და თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით იმართება.