საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

26 ივლისი

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და სულხან თამაზაშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ, 88-ე საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ, ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცეს და წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვეს.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა სიტყვით გამოსვლისას, ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტების განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული ეს მიმართულება განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს, მის ეკონომიკურ ძლიერებასა და სტაბილურობას. დავით გაბაიძემ და სულხან თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადეს ბსუ-ს რექტორს ტიტე აროშიძეს, ლექტორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მომავალი პროფესიონალი კადრების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისათვის.

„ ამიერიდან თქვენ იქნებით ამ უნივერსიტეტის დესპანები და სახე ყველგან. ვისურვებდი თქვენით ეამაყოს ქვეყანას, თქვენს ოჯახებს, უნივერსიტეტს. ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელმაც უნდა ჩაიბაროს საქართველოს აწმყოც და მისი მომავალიც,“- განაცხადა დავით გაბაიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ახალგაზრდებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცეს და სპეციალური სიგელები გადასცეს: უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ბაციკაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მურვანიძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

2025 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა 1057-მა სტუდენტმა დაამთავრა. გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის 100-მდე წარჩინებული სტუდენტი სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა.
საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, „ექიმის ფიცი“ დადეს ჯანდაცვის მიმართულების კურსდამთავრებულებმა.

ღონისძიება, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის წევრები, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ტრადიციულად, ქუდების ასროლითა და კონცერტით დასრულდა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი