ტრადიციული, სახალხო დღესასწაული - „შუამთობა“ განსაკუთრებული სიახლით აღინიშნა შუახევის მუნიციპალიტეტში - ჩირუხში ოფიციალურად გაიხსნა ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი.
„პროექტში მონაწილეობდა ძალიან დიდი გამოცდილების მქონე იტალიური კომპანია და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 9 მილიონი ლარი შეადგინა. ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურისტული პოტენციალის გაზრდას და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ჩვენ რეგიონში გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი, ამბიციური პროექტების განხორციელებას, რაც, საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა და ადგილობრივებს სახალხო დღესასწაული მიულოცა.
მოსახლეობასა და სტუმრებს ტრადიციული დღესასწაული და ახალი პროექტის ამოქმედება მიულოცა შუახევის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ. მისი განცხადებით, ახალი, 1789 მეტრი სიგრძის ზიპლაინი ქმნის ტურისტული პროდუქტების ერთიან ჯაჭვს ორ მუნიციპალიტეტს შორის. სამონტაჟო სამუშაოები, ტექნიკური ოპერირება და უსაფრთხოების მონიტორინგი ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იტალიურმა კომპანიამ განახორციელა.
„მაღალმთიან აჭარას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და მსგავსი უნიკალური პროექტები, ახალი ტურისტული პროდუქტები, მთაში მცხოვრებთა სასარგებლოდ, ამ პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
სახალხო დღესასწაულს, რომელიც მრავალი წელია აღინიშნება და მთის სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ვახტანგ ბერიძე და მამუკა თურმანიძე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
„შუამთობა - 2025“ ჩირუხში მრავალფეროვანი კულტურული, სპორტულ-გასართობი თუ შემეცნებითი ღონისძიებებით გაგრძელდა. ზეიმი, ტრადიციულად კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები მონაწილეობდნენ.