„ჩვენი რეგიონი ღვაწლმოსილი ადამიანების სიმრავლით გამოირჩევა. მადლობა თითოეულ მათგანს მათი წილი ისტორიის შექმნისთვის“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამართულ ფოტოგამოფენაზე.
გამოფენა სახელწოდებით - „ისტორია პორტრეტებად“ აჭარის კულტურის სამინისტროსა და სსიპ აჭარის მუზუმის მხარდაჭერით გაიმართა. პროექტმა კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და მისი მიზანი რეგიონის ისტორიაში განსაკუთრებული წვლილის მქონე ადამიანების ღვაწლის დაფასება და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.
„ისტორია პორტრეტებად“ ორმა ფოტოხელოვანმა - დავით ბენდელიანმა და გიორგი ბერიძემ შექმნეს და გამოფენის სტუმრებს, ამჯერად, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 30 ცნობილი ადამიანის პორტრეტი წარმოუდგინეს.
ფოტოგამოფენას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
პროექტის მონაწილე ღვაწლმოსილ ადამიანებს სპეციალური სიგელები - „მადლობა თქვენი წილი ისტორიისთვის“ გადაეცათ. აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილის ირმა აბულაძის განცხადებით, მსგავსი ინიციატივები გაგრძელდება და პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოპორტრეტები აჭარის მუზეუმს გადაეცემა.