ბათუმს ახალი მუნიციპალური პარკი შეემატა - 20 000 კვადრატული მეტრი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და სულხან თამაზაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
პროექტის დიზაინისა და კონცეფციის ავტორი წამყვანი საერთაშორისო კომპანია „მასუ პლენინგი“, მშენებელი კი ,,სილქ როუდ ჯგუფია“. ახალ, მრავალფუნქციურ რეკრეაციულ სივრცეში, რომელიც ბუნებრივად უკავშირდება ბათუმის ბულვარს. შენარჩუნდა მანამდე არსებული ხეები, დაირგო ახალი, სხვადასხვა ჯიშის ხე, ბუჩქი და დეკორატიული მცენარე. ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს აქ პადელის კორტები, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო და ველო-ბილიკები დახვდებათ.
პარკი, რომელიც ბუნებრივად ინტეგრირდება ქალაქის გამწვანებულ ზღვისპირა ზოლთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა, ,,სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელთან - გიორგი რამიშვილთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.