ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წლის გახსნისა და 2025 წლის წარჩინებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
მომავალ მეზღვაურებსა და წარჩინებულ კურსანტებს ახალი, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ეტაპის დაწყება მიულოცეს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და სულხან თამაზაშვილმა, საზღავო აკადემიის რექტორმა - მურთაზ დევაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა - ივანე აბაშიძემ და სხვებმა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ძლიერებისთვის საზღვაო დარგის მნიშვნელობაზე, მის როლზე ისაუბრეს და მომავალ მეზღვაურებსა და აკადემიის წარჩინებულ კურსანტებს წარმატებები უსურვეს. 2025 წლის წარჩინებული სტუდენტები სიგელებით დააჯილდოვდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს მეზღვაურთა საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი, გემის ხიდურის სიმულატორი, სახანძრო სასწავლო-საწვრთნელი სივრცე, დაესწრნენ სამაშველო წვრთნის დემონსტრირებას საწვრთნელ აუზში — სამაშველო ნავის ჩაშვების პროცესს, გაეცნენ სამანქანე განყოფილების ტექნიკურ ინფრასტრუქტურას.
ახალი სასწავლო წლის გახსნისა და 2025 წლის წარჩინებულ კურსანტთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და აჭარის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.