საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

14 სექტემბერი

ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში, კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებს წარმარტება მიულოცეს და დამსახურებული ჯილდოები გადასცეს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და სულხან თამაზაშვილმა, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - გიორგი ცინცაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

„თქვენ ხართ ის თაობა, რომელსაც აქვს საკუთარი ნიჭის, უნარის რეალიზების უკეთესი შესაძლებლობები და რომელმაც უნდა შექმნას საქართველოს უკეთესი მომავალი“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ.

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებს 2012 წლიდან ატარებს და მისი მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაა.
ახლად აშენებულ მე-16 საჯარო სკოლაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, გამარჯვებულ მოსწავლეთა პედაგოგებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი