ბათუმში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საშუალოვადიანი (2026-2029 წლების) პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ და მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს სფეროში სახელმწიფოს მხრიდან გატარებული პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, სულხან თამაზაშვილმა, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - გიორგი ცინცაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
შეხვედრის მონაწილეებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხედვები, სიახლეები და პრიორიტეტები მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, 2026 წელს უწყება ოთხ ახალ პროგრამას იწყებს - ნარკომანიით დაავადებული პაციენტების სტაციონარული მკურნალობის, ლიპიდდამაქვეითებელი თერაპიის, რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამებთან ერთად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამოქმედდება დედის რძის ბანკი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილებები იგეგმება მიმდინარე პროგრამებშიც, რომელთა დაფინანსების გაზრდით, გაცილებით მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს როგოც ჯანმრთელობის, ისე სოციალური დაცვის მიმართულებით.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.