ქობულეთში, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში თემაზე – „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში“ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ და რეგიონში სფეროს განვითარების, მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და სულხან თამაზაშვილმა.
შეხვედრაზე აგრარული სექტორის განვითარების გეგმები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა - დენის სალუქვაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, უწყების მთავარი მიზანი ფერმერთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებაა.
როგორც აღინიშნა, წელს 7 000-მდე ფერმერს, თანადაფინანსებით, გადაეცემა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და მოწყობილობა – მათ შორის მოტოკულტივატორები, მობილური შემასხურებლები, წვეთოვანი სარწყავი სისტემები, მარცვლეულის საფქვავები, რძის აპარატები, მეფუტკრეობისა და ღვინის წარმოების ინვენტარი. პროგრამის მიზანი საოჯახო მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების გაძლიერება, მათი ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაფართოება და აგროსასურსათო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა.
შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრი - პაატა სალია, ქობულეთის დელეგატი უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძე, დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი ფერმერები და აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფერმერებისთვის ადგილზე გამოფენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერეს.