აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და სულხან თამაზაშვილი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, პედაგოგებს პროფესიული დღე, ხოლო პრემიის ფინალისტებს წარმატება მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.
დასკვნით ღონისძიებამდე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგები, 10 ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყნის ყველა რეგიონში დააჯილდოვეს. ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას ისახავს მიზნად.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა. დაჯილდოებულთა შორის არიან ქალაქ ბათუმის მე-16 და დაბა შუახევის საჯარო სკოლების პედაგოგები - მაგდანა მათითაიშვილი და თეიმურაზ დავითაძე.
ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მასწავლებლის ეროვნული დღე ჩვენს ქვეყანაში პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.