საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

13 ნოემბერი

  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, აგრარულ და გარემოსდაცვის საკითხთა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების სხდომებზე 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტისა და 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ედნარ ნატარიძემ, წარმოადგინა.

  მომხსენებლის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და მილიარდიან ნიშნულს აჭარბებს. რაც შეეხება შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელს, 800 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო გაზრდილი ბიუჯეტი ყველა მიმართულებით მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.

  კანონპროექტით განსაზღვრული პარამეტრების წარდგენის პარალელურად, დარგობრივი კომიტეტების წევრებს შესაბამისი ინფორმაცია გააცნეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა; კულტურის მინისტრის მოადგილემ, ზაურ ახვლედიანმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, მინისტრებმა მოისმინეს კანონმდებელთა წინადადებები და მოსაზრებები. კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

  ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის შემდეგ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ოთხივე კომიტეტის წინაშე აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშით წარსდგა. ედნარ ნატარიძის განცხადებით, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების შესრულება 109%-ს, 543,524,100 ლარს შეადგენს (გეგმა 498,612,500 ლარი). ბიუჯეტის შემოსულობები 548,024,300 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის 2025 წლის სამი კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 98.0 პროცენტი, გადასახადებზე მოდის, რაც საშემოსავლო გადასახადს მოიცავს. საშემოსავლო გადასახადის გეგმა 480,000,000 ლარით განისაზღვრა, ფაქტიური შესრულება 532,475,000 ლარს, გეგმის 110.9%-ს შეადგენს. კანონმდებლებმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი