აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სამეცნიერო, საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალის - „სამართლის კულტურა“ წარდგენას დაესწრო. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ სახელმწიფოს, იურისდიქციითა და სამართლის სფეროთი დაინტერესებულ სპეციალისტებს ახალი გამოცემის დაბადება მიულოცა და ჟურნალს, მის სარედაქციო კოლეგიას, ავტორებს წარმატებები უსურვა.
ჟურნალი მიზნად ისახავს სამართლის ქართული მეცნიერული სკოლის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ასევე აკადემიურ სივრცეში ეთიკისა და კვლევის სტანდარტების გაძლიერება-წახალისებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, „სამართლის კულტურა“ შესაძლებლობას აძლევს ავტორებს ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი ნაშრომები. ჟურნალის რედაქტორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი, პროფესორი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტი - ბექა ქანთარია. სარედაქციო კოლეგიაში, ცნობილ ქართველ სამართალმცოდნე მეცნიერებთან ერთად, პარიზის, კიოლნის, იენის, ნორსვესტერნის უნივერსიტეტების პროფესორები არიან.
ღონისძიებას სასამართლო ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი და ბსუ-ს რექტორი - ტიტე აროშიძე ესწრებოდნენ.