„ექიმის პროფესია, ეს უდიდესი პასუხისმგებლობის, ცოდნისა და ეთიკის ერთობლიობაა. მადლობა თქვენ წლების განმავლობაში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სამსახურში ყოფნისთვის“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, მედიცინის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე - „წლის ექიმი“, ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგები - დიმიტრი ბერიძე, მერი ბერიძე და ინეზა სულამანიძე დააჯილდოვა.
თითოეული მედიკოსის მაღალ პროფესიონალიზმსა და უდიდეს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ. საკანონმდებლო ორგანოს წევრმა სიტყვით გამოსვლისას, მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და თერაპევტ, გასტროენტეროლოგ - მარინე ბერიძეს, მეანგინეკოლოგ - ნათია ზამთარაძეს, კარდიოლოგს, თერაპევტსა და სოფლის ექიმს - როენა თავართქილაძეს ჯილდოები გადასცა.
წლის საუკეთესო მედიკოსთა დაჯილდოებამდე, შეკრებილებს მიესალმა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ნინო ნიჟარაძე, რომელმაც რეგიონში მოღვაწე მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რეგიონში მოღვაწე, სხვადასხვა პროფილის 15 ექიმი დაჯილდოვდა.